logo
ENG



შატალოვას მცირეწლოვანი შვილი ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის ზურაბ ბერიძის მეურვეობაში გადადის

22 ოქტ 202117:04
3 წუთის საკითხავი
 

ადვოკატის ინფორმაციით, თბილისში მოკლული ანასტასია შატალოვას მცირეწლოვანი შვილი ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის ზურაბ ბერიძის მეურვეობაში გადადის. გადაწყვეტილება მეურვეობის მულტიფუნქციურმა საბჭომ ცოტა ხნის წინ მიიღო.

ამ საკითხზე დავა სასამართლოში ანასტასია შატალოვას და ზურაბ ბერიძეს სასამართლოში ჰქონდათ. რამდენადაც ცნობილია, მაშინ მოსამართლემ ბავშვი დედის ზრუნვაში დატოვა.

როგორც შატალოვას ოჯახის ადვოკატმა პაატა შავაძემ ფორმულას განუცხადა, მეურვეობის საბჭოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, რადგან მისივე თქმით, მამის, ირაკლი ბერიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, ხოლო შატალოვას ოჯახის სურვილია, რომ ბავშვი მათ მეურვეობაში დარჩეს. 

"ეს ყოვლად დაუშვებელია. მამა არის ბრალდებული ბავშვისა და ქალბატონის მიმართ, შესაძლო, ძალადობის ფაქტზე. სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და ბრალი აქვს წარდგენილი ამ ადამიანს. ბათუმის საქალაქო სასამართლო განიხილავს. გარდა ამისა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია განიხილავს დამცავი ორდერის გაცემის საკითხს, სადაც განმცხადებლები არიან - ანასტასია შატალოვა და მისი შვილი. არა ერთი საჩივარია წარდგენილი და ორდერი გაცემული. ისმის კითხვა - რა სამართლებრივი საშუალება გამოძებნა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ, რომელმაც ასე უაპელაციოდ ბავშვი გადასცა მამას", - ამბობს პაატა შავაძე. 

27 წლის ანასტასია შატალოვა 18 ოქტომბერს მოკლეს. მის საქმეზე 3 პირი დაკავებული

საქმესთან დაკავშირებით სამართალდამცველები გუშინ, 18 ოქტომბერს ბათუმის ყოფილი ვიცე მერის ზურაბ ბერიძის ბინაში იყვნენ. მათ კომპიუტერები ამოიღეს. ბერიძეს შატალოვასთან საერთო შვილი ჰყავს.

დაახლოებით 1 წლის წინ შატალოვამ თქვა, რომ ბათუმის ყოფილი ვიცე-მერი ზურაბ ბერიძე მას შვილი ნახვის უფლებას არ აძლევდა, რის გამოც მის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყო.

ინტერვიუში ქალი ყვებოდა, რომ ბერიძე მას აშინებდა, აშანტაჟებდა და ფარულადაც უსმენდა. მისივე თქმით, ბავშვი მოტყუებით წაართვა და წაყვანის შემდეგ მასთან მიახლოების უფლებას არ აძლევდა, ასევე, იარაღით ემუქრებოდა. 

თვითონ ზურაბ ბერიძე ამბობს, შატალოვასთან 6 თვეზე მეტია, ურთიერთობა არ ჰქონია. 


close დახურვა